„დოიჩე ველე“ - თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების რეპატრიაციის პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს
„დოიჩე ველე“ - თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების რეპატრიაციის პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს

თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების რეპატრიაციის პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

სულეიმან სოილუს განმარტებით, ოფიციალური ანკარა თურქეთის ჩრდილოეთში ოპერაციის დროს დაკავებული ტერორისტების მშობლიურ ქვეყნებში გაგზავნას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

როგორც თურქული მედია იუწყება, ოფიციალური ანკარა დაეშის მებრძოლებს მშობლიურ ქვეყნებში იმ შემთხვევაშიც გაგზავნის, თუ მათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვთ. თუმცა უცნობია, არის თუ არა ეს შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, „ისლამური სახელმწიფოს“ უცხოელ ტერორისტებს რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მოქალაქეობა გაუუქმა, რათა მომავალში მათი რეპატრიაცია თავიდან აეცილებინა. მსგავს ნაბიჯს მიმართა დიდმა ბრიტანეთმაც, გაერთიანებულმა სამეფომ საერთო ჯამში მათი ქვეყნის 100-ზე მეტ ტერორისტს, რომლებიც სირიაში იმყოფებოდნენ, მოქალაქეობა ჩამოართვა.

საერთო ჯამში თურქეთი მშობლიურ ქვეყნებში 1300 ტერორისტის დეპორტაციას გეგმავს. ამის პარალელურად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დამატებით 11 ათასი ტერორისტი სხვადასხვა ციხეებში იმყოფება. გავრცელებული ცნობით, დაპატიმრებული ტერორისტებიდან ყოველი მეხუთე ევროპელია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისთვის სასტუმრო არ არის. სულეიმან სოილუმ დასავლური ქვეყნები უმოქმედობაში დაადანაშაულა.