„დოიჩე ველე“ – შვეიცარიაში ამომრჩევლები სავარაუდოდ უარს იტყვიან ნეიტრალიტეტის წესების გამკაცრების შესახებ წინადადებაზე, რომელიც რეფერენდუმზე იყო წარმოდგენილი

16:54, 27.09.2026

შვეიცარიაში ამომრჩევლები სავარაუდოდ უარს იტყვიან ნეიტრალიტეტის წესების გამკაცრების შესახებ წინადადებაზე, რომელიც კვირას გამართულ რეფერენდუმზე იყო წარმოდგენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ შვეიცარიის სახელმწიფო მაუწყებლის, SRF-ის, მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

SRF-ის წინასწარი მონაცემებით, ნეიტრალიტეტის წესების გამკაცრებას მხარი ამომრჩეველთა 29%-მა დაუჭირა, 71% კი უფრო მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ნაპოლეონის ომების დასრულების შემდეგ, 1815 წლიდან არის აღიარებული და 1848 წლიდან ქვეყნის კონსტიტუციის ნაწილია, ზუსტად როგორ უნდა განახორციელოს მთავრობამ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. მედიის ცნობით, რეფერენდუმის ინიციატივით ორგანიზაცია Pro Schweiz გამოვიდა, რომელიც მემარჯვენე „სახალხო პარტიასთან“ არის დაკავშირებული. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შვეიცარიის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების შემდეგ ქვეყანა ნეიტრალიტეტის პრინციპს უფრო მეტად დაშორდა. ინიციატივა კონსტიტუციაში იმ ვალდებულების ასახვას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, შვეიცარია არცერთ სამხედრო ან თავდაცვით ალიანსს არ უნდა შეუერთდეს და საზღვარგარეთ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, შვეიცარიამ არ უნდა დააწესოს ეკონომიკური ან დიპლომატიური სანქციები კონფლიქტში მონაწილე სახელმწიფოების წინააღმდეგ, თუ ამის შესახებ გადაწყვეტილებას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მიიღებს.

მანამდე შვეიცარიის მთავრობამ ნეიტრალიტეტის გამკაცრების იდეა უარყო. ინიციატივის წინააღმდეგ პარლამენტის ორივე პალატამაც მისცა ხმა.

მსგავსი