„დოიჩე ველე“ - მოსკოვში პოლიციამ ალექსეი ნავალნის ოფისის ხელმძღვანელი დააკავა
„დოიჩე ველე“ - მოსკოვში პოლიციამ ალექსეი ნავალნის ოფისის ხელმძღვანელი დააკავა

მოსკოვში პოლიცია ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ოფისში შეიჭრა. სამართალდამცავებმა ოფისში მყოფი ხალხის დაკითხვა დაიწყეს.

მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა ნავალნის მხარდამჭერებმა გაავრცელეს. მათვე თქმით, პოლიცია აცხადებს, რომ შენობაში დამონტაჟებულ ბომბს ეძებს.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, მოგვიანებით პოლიციელებმა დააკავეს ნავალნის მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი სერგეი ბოიკო და ასევე რამდენიმე თანამშრომელი. მათ მასობრივი აქციების ორგანიზების შესახებ კანონის დარღვევა დასდეს ბრალად.

ერთ-ერთ თანამშრომელს დიმიტრი ნიზოვცევს კი სმარტფონში დამონტაჟებული ბომბის დამალვაში ადანაშაულებენ.

რუსეთის რამდენიმე ქალაქში დღეს ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები იმართება. „დოიჩე ველეს“ ცნობით, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 40-ზე მეტი აქტივისტი.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლებისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი თქვა.

მაშინ, ოპოზიციონერმა მხარდამჭერებს გაფიცვისკენ და არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა.
„ცესკოში“ აცხადებენ, რომ ნავალნის რეგისტრაციაზე უარის იმის გამო უთხრეს, რომ ის ნასამართლევია და სასჯელი ბოლომდე მოხდილი არ აქვს.