„დოიჩე ველე“ - კორონავირუსი საქართველოში: როგორ მოახერხა ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის ეპიდაფეთქების თავიდან აცილება აღდგომის შემდეგ
„დოიჩე ველე“ - კორონავირუსი საქართველოში: როგორ მოახერხა ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის ეპიდაფეთქების თავიდან აცილება აღდგომის შემდეგ

„დოიჩე ველე“ წერს, რომ საქართველოში აღდგომის შემდეგ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების სწრაფ მატებას ელოდნენ, რადგან ეკლესია შემოღებულ უსაფრთხოების ზომებს არ დაემორჩილა, თუმცა მთავრობამ მასობრივი ინფიცირების შეჩერება სხვა მეთოდებით მოახერხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით „დოიჩე ველემ“ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „კორონავირუსი საქართველოში: როგორ მოახერხა ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის ეპიდაფეთქების თავიდან აცილება აღდგომის შემდეგ“.

„ეპიდემიის შეჩერების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულ ზომებს ექსპერტები აქტიურ რეაგირებას უწოდებენ. თებერვლის ბოლოს დაფიქსირებული პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ქვეყანამ დაიწყო ავიარეისების გაუქმება და საზღვრების ჩაკეტვა“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველაზე დიდ საფრთხეს აღდგომის დღესასწაული წარმოადგენდა, რადგან ღამის ლიტურგიასა და სასაფლაოებზე ხალხმრავლობის ფონზე, ეპიდემიის ნახტომისებური გავრცელება გარდაუვალი ჩანდა.

„საქართველოში ეკლესია ჯარის შემდეგ ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს და წავიდოდა თუ არა მოსახლეობა ეკლესიაში, მედიკოსების რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, სწორედ მთავრობაზე იყო დამოკიდებული.

პატრიარქთან მოლაპარაკებას საქართველოს მთავრობა ერთ თვეზე მეტხანს ცდილობდა, მაგრამ პატრიარქმა ილია მეორემ კომენდანტის საათის გათვალისწინებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ თავად ჩაატარებდა სააღდგომო ლიტურგიას წმინდა სამების ტაძარში“, – წერს „დოიჩე ველე“.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვეყანამ არჩია, არ შესულიყო ღია კონფლიქტში ეკლესიასთან, რადგანაც ექსპერტების აზრით, არჩევნების შედეგები დიდწილად სწორედ ეკლესიის პოზიციაზეა დამოკიდებული და ამიტომ მთავრობამ ეკლესიასთან ურთიერთობის გაფუჭება არ ისურვა.

„თავიდანვე ნათელი იყო, რომ ღია კონფლიქტზე არავინ წავიდოდა, რადგან საზოგადოებაში ეკლესიის ავტორიტეტი ზედმეტად მაღალია. ამ გარემოებაში მთავრობამ სხვა გზა გამონახა, კერძოდ კი, მოსახლეობის მობილობის ნაბიჯ-ნაბიჯ შეზღუდვა დაიწყო“, – განაცხადა აღმოსავლეთ კავკასიაში ჰეინრიხ ბოილის ფონდის უფროსმა, შტეფან მაისტერმა.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ იყო ერთეული შემთხვევებიც, როდესაც თავად სასულიერო პირებიც მოუწოდებდნენ მოსახლეობას, შეესრულებინათ მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები ვირუსის პიკური გავრცელების შესაჩერებლად.

სტატიაში ნახსენებია მამა თეოდორე გიგნაძე, რომელმაც მრევლს განუცხადა, რომ მთავრობის მოწოდებებისადმი დამორჩილება, როდესაც ეს ადამიანების ჯანმრთელობას ემსახურება, ქრისტიანული საქციელია. „დოიჩე ველე“ წერს, რომ მიუხედავად ამისა, თეოდორე გიგნაძის მსგავსი სასულიერო პირები საქართველოში ბევრი არ არიან.

„ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ დაელოდა აღდგომიდან ორი კვირის გასვლას და და განაცხადა, რომ ქვეყანაში პიკი არ იქნებოდა“, – წერს გამოცემა.

„ექსპერტებზე დაყრდნობით, ეს ნიშნავს, რომ მიღებულმა შეზღუდვებმა იმუშავა. ეფექტური აღმოჩნდა შეზღუდვები გადაადგილებაზე და ერთეული მიმართვები სასულიერო პირებისგან. ასევე იმუშავა მედიკოსების ემოციურმა მიმართვებმა, რომლებსაც საფრთხილო სიტუაციაში, მთავრობამ აგიტატორების როლი მიანიჭა. აპრილის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა, გახარიამ ქვეყანას შეზღუდვების მოხსნის ოთხ-ეტაპიანი გეგმაც წარუდგინა“, – ნათქვამია „დოიჩე ველეს“ სტატიაში.

დატოვე კომენტარი