„დოიჩე ველე“ - გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ შეუფერხებლად მუშაობისთვის, კანადა გერმანიას გარემონტებულ ტურბინას დაუბრუნებს
„დოიჩე ველე“ - გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ შეუფერხებლად მუშაობისთვის, კანადა გერმანიას გარემონტებულ ტურბინას დაუბრუნებს

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ შეუფერხებლად მუშაობისთვის, კანადა გერმანიას გარემონტებულ ტურბინას დაუბრუნებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ჯონათან უილკინსონმა განაცხადა.

უილკინსონის თქმით, ტურბინის გერმანიისთვის დაბრუნება ხელს შეუწყობს ევროპის უნარს, მიიღოს სანდო და ხელმისაწვდომი ენერგია, იმ პერიოდის მანძილზე, სანამ ევროკავშირი აგრძელებს რუსეთის ნავთობზე და გაზზე უარის თქმას. მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ რუსეთი შეაჩერებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მუშაობას, რაც გერმანიის ეკონომიკას მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენებს, თავად გერმანელებს კი საფრთხე დაემუქრებათ, რადგან ზამთრის პერიოდში სახლების გათბობას ვერ შეძლებენ.

ივნისის დასაწყისში, „გაზპრომმა“ შეამცირა გერმანიისთვის გაზის მიწოდება. კომპანიაში განაცხადეს, რომ სანქციების გამო, გერმანულმა კომპანია „სიმენსმა“ უარი განაცხადა ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის აუცილებელი ტურბინების შესაკეთებლად შესაბამისი ნაწილების გადაცემაზე, რის გამოც ტურბინების სრული დატვირთვით მუშაობა შეუძლებელი გახდა.

კანადაში შეკეთებული ტურბინა ჯერ გერმანიას გადაეცემა, ხოლო გერმანია „გაზპრომს“ გადასცემს, რათა რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ შეწყვიტოს ტურბინების თემით სპეკულირება და აღადგინოს ბუნებრივი აირის კონტრაქტით გათვალისწინებული რაოდენობით მიწოდება.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, კიევი ოტავას მოუწოდებდა, არ დაებრუნებინა ტურბინები და ბერლინს ბრალი დასდო, რომ რუსეთის შანტაჟს აჰყვა.