„დოიჩე ველე“ - გაერო უკრაინაში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
„დოიჩე ველე“ - გაერო უკრაინაში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკრაინაში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობის გამო შეშფოთებულია. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა უკრაინაში სამი ტელეარხისთვის მაუწყებლობის შეწყვეტის შემდეგ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა. მათი თქმით, აღნიშნული გამოხატვის თავისუფლებაზე მოახდენს გავლენას.

„სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს, დაიცვას და უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის განსხვავებული ინფორმაციის, იდეის მიღება და გავრცელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 2 თებერვალს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა, რომლითაც ფაქტობრივად, სამი არხის – „112“, Newsone-სა და ZIK-ის საქმიანობა შეაჩერა. ეს ტელეარხები ერთ-ერთი პარტიის – „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ლიდერთან, ვიქტორ მედვეჩუკთან არის დაკავშირებული, რომელსაც, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, პრორუსულ განწყობებში ადანაშაულებენ.

დატოვე კომენტარი