„დოიჩე ველე“ - ევროპარლამენტმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ „ამაზრზენი დანაშაულები“ მკაცრად დაგმო
„დოიჩე ველე“ - ევროპარლამენტმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ „ამაზრზენი დანაშაულები“ მკაცრად დაგმო

ევროპარლამენტმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ „ამაზრზენი დანაშაულები“ მკაცრად დაგმო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაზე დაყრდნობით იტყობინება.

დოკუმენტს, რომელიც კერძო სამხედრო კომპანიების, მეტწილად კი „ვაგნერის“ მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებს ეხებოდა, 585-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 40, ხოლო 43-მა თავი შეიკავა.

მიღებულ რეზოლუციაში დეპუტატებმა გამოხატეს „ღრმა შეშფოთება“ სხვადასხვა კერძო სამხედრო კომპანიის მიერ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო. ამავდროულად, დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს „ვაგნერზე“ და მასთან დაკავშირებულ სხვა კერძო სამხედრო ორგანიზაციებზე. ეს ეხება წამებებს, მკვლელობებს, სექსუალური ხასიათის ძალადობას, ძარცვასა და სხვა დანაშაულებრივ ფაქტებს განვითარებად ქვეყნებში.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ვაგნერის“ შესახებ თავდაპირველად 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასში გამართულ ბრძოლებში მისი მებრძოლების მონაწილეობისას გახდა ცნობილი. გარდა ამისა, „ვაგნერის“ დაქირავებულები მოქმედებდნენ სირიაში, სუდანში, მოზამბიკში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ვენესუელაში.

„ევროპარლამენტი მიუთითებს საფუძვლიან მტკიცებულებაზე, რომ რუსეთის სახელმწიფო პასუხისმგებელია ამ გასამხედროებული ჯგუფების დაფინანსებაზე, წვრთნაზე, ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ მეთაურობაზე“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

მედიის ცნობით, დოკუმენტში ევროპარლამენტარები „გამოთქვამენ მათ მტკიცე რწმენას“, რომ „ვაგნერი“ უნდა განიხილებოდეს „რუსული სახელმწიფოს აგენტად“.