„დოიჩე ველე“ - ბულგარეთი რუსეთთან ბუნებრივ აირზე მოლაპარაკებებს გარდაუვალად მიიჩნევს
„დოიჩე ველე“ - ბულგარეთი რუსეთთან ბუნებრივ აირზე მოლაპარაკებებს გარდაუვალად მიიჩნევს

ბულგარეთი რუსეთთან ბუნებრივ აირზე მოლაპარაკებებს გარდაუვალად მიიჩნევს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ბულგარეთის ტექნიკური მთავრობის ენერგეტიკის მინისტრი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებები გამართოს „გაზპრომთან“ გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილში შეწყდა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, როსენ ჰრისტოვს არ უთქვამს, როდის დაიწყება მოლაპარაკებები რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ბულგარეთმა მიიღოს იაფი გაზი.

„მრეწველობისა და პროფკავშირების მოთხოვნებიდან გამომდინარე, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გაზის მიწოდების აღდგენის შესახებ გარდაუვალია. „გაზპრომთან“ ვითარება არ არის ნათელი. ჩვენ ახლა უნდა მივმართოთ მათ. მოლაპარაკებები იქნება ძალიან რთული“, – განაცხადა ჰრისტოვმა.

როგორც მედიასაშუალება წერს, ბულგარეთი თავისი საჭიროებების 90 პროცენტზე მეტს რუსული გაზით ფარავდა, სანამ „გაზპრომმა“ აპრილში გაზის მიწოდება არ შეწყვიტა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ბულგარეთის ყოფილმა მთავრობამ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის ევროპული სანქციების გამო, უარი თქვა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, როგორც ამას მოსკოვი ითხოვდა. „გაზპრომთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს იწურება.

ამჟამად ბულგარეთი, რომელსაც წელიწადში დაახლოებით სამი მილიარდი კუბური მეტრი გაზი სჭირდება, მესამედს აზერბაიჯანიდან იღებს, დანარჩენს კი მსოფლიო ბაზარზე ყიდულობს.