„დოიჩე ველე“ – ბერლინში, ბრანდენბურგის აეროპორტის პირველ ტერმინალში უსაფრთხოების განგაში გამოცხადდა, მგზავრებს შენობის დატოვება სთხოვეს, სულ მცირე, 30 რეისი შეფერხდა

23:03, 03.09.2026

ბერლინში, ბრანდენბურგის აეროპორტის პირველ ტერმინალში უსაფრთხოების განგაში გამოცხადდა – მგზავრებს შენობის დატოვება სთხოვეს, სულ მცირე, 30 რეისი შეფერხდა,- ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ, რომელიც სატრანსპორტო უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, ტერმინალიდან მგზავრების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ქალმა უსაფრთხოების თანამშრომლებს განუცხადა, რომ საშიში ნივთიერება ჰქონდა. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, უცნობი ნივთიერებისგან შესაძლო საფრთხის გამორიცხვა ვერ მოხერხდა, რის გამოც განგაში გამოცხადდა.

ინციდენტის გამო ტერმინალ 1-ის სივრცეში მგზავრების მომსახურება დროებით შეწყდა. მგზავრების რეგისტრაცია და სხვა პროცედურები, შესაძლებლობის ფარგლებში, ტერმინალ 2-ში გადაიტანეს.

აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტის გამო, სულ მცირე, 30 რეისი შეფერხდა. შეფერხებები შეეხო აეროპორტთან მიმავალ სარკინიგზო ტრანსპორტსაც.

მსგავსი