„დოიჩე ველე“ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს მიგრანტების ბელარუსში გაძევება აუკრძალა
„დოიჩე ველე“ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს მიგრანტების ბელარუსში გაძევება აუკრძალა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს მიგრანტების ბელარუსში გაძევება აუკრძალა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სასამართლომ პოლონეთს იმ მიგრანტების უკან, ბელარუსში გაძევება აუკრძალა, რომლებიც უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და სასამართლო ხელისუფლებას მიმართეს. სასამართლომ რეგლამენტის 39-ე წესი აამოქმედა, რომლის მიხედვით, განმცხადებლები არ შეიძლება, გააძევონ იმ ტერიტორიიდან, სადაც ფაქტობრივად იმყოფებოდნენ, როდესაც სასამართლოს მიმართეს.

სასამართლოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ 20 აგვისტოდან 3 დეკემბრის ჩათვლით, სასამართლომ 47 განცხადება მიიღო 198 მიგრანტისგან. 44 განცხადებაში განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე და ითხოვდნენ საერთაშორისო დაცვას.

მიგრანტების მხრიდან საჩივრები სასამართლოში შეტანილია ლატვიისა და ლიეტუვის წინააღმდეგაც, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ დროებითი ზომები ჯერ არ არის ამოქმედებული.

მთლიანობაში, სასამართლომ 47 საჩივრიდან 43 დააკმაყოფილა. ზოგიერთ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მხრიდან მითითებულია, რომ მიგრანტები საკვებით, წყლითა და საჭირო სამედიცინო მომსახურებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი.

უკვე რამდენიმე თვეა, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შეკრებილი ათასობით მიგრანტი ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობს. ევროკომისიის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან თითქმის 8 000 მიგრანტი უკვე გადავიდა ევროკავშირში ბელორუსის გავლით.

ბრიუსელი ალექსანდრ ლუკაშენკოს მიგრანტების გამოყენებით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს. ბელარუსის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.