დოჰას ტურნირზე ბასილაშვილმა იმერი დაამარცხა და რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა #1TVSPORT
დოჰაში მიმდინარე ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რეიტინგის 138-ე ნომერი, 25 წლის შვედი ელიას იმერი იყო.
ბასილაშვილმა რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მოწინააღმდეგე ორ სეტში 6:4 7:5 დაამარცხა. მისი მეტოქე მერვედფინალში უნგრელი მარტან ფუჩოვიჩი იქნება.
ნიკოლოზი Qatar ExxonMobil Open-ის შარშანდელი ჩემპიონია და ქართველი ჩოგბურთელი ტიტულისა და 250 სარეიტინგო ქულის შენარჩუნებას შეეცდება. ბასილაშვილი შეჯიბრებაზე მე-3 ნომრადაა განთესილი, პირველი – კანადელი დენის შაპოვალოვია.
საქართველოს პირველი ჩოგანი დოჰას ტურნირში ასევე წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს, სადაც ქართველმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად ფინელი ემილ რუუსევუორისა და შვედი ელიას იმერის დუეტი ორ სეტში 6:1 7:5 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებენ.