დოჰას შემდეგ, ბასილაშვილი დუბაის ტურნირში ითამაშებს - მისი პირველი მეტოქე ტეილორ ფრიტცი იქნება #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის შემდეგ, დუბაიში გადაინაცვლებს და იქ ATP500 კატეგორიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ბასილაშვილი განთესილებს შორის არ იქნება, მაგრამ იმის გამო, რომ დოჰაში ფინალამდე მიაღწია, პირველი წრიდან თავისუფალია და მეორე რაუნდიდან ჩაებმება ბრძოლაში. მისი მეტოქეც ცნობილია – ამერიკელი ტეილორ ფრიტცი, რომელსაც ქართველი დოჰაში ნახევარფინალში შეხვდა და ორ სეტში მოუგო – 7:6(3), 6:1.
ბასილაშვილი დუბაიში მესამედ ითამაშებს. შარშან, პირველ წრეში ლიეტუველ რიკარდას ბერანკისს მოუგო, მაგრამ მეორეში ორ სეტში დამარცხდა გერმანელ იან-ლენარდ შტრუფთან. საუკეთესო შედეგი კი 2019 წელს ჰქონდა, როცა მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ სამ სეტში წააგო ხორვატ ბორნა ჩორიჩთან.
დუბაის მოქმედი ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც შარშან ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს მოუგო. ამჯერად, ის ტიტულს არ დაიცავს, ხოლო პირველ ნომრად განთესილი ავსტრიელი დომინიკ ტიმია.