დოდო გუგეშაშვილი - თავდამსხმელი იმდენად უსახურია, გამოძიებას აღწერილობა ვერ მივაწოდე
დოდო გუგეშაშვილი - თავდამსხმელი იმდენად უსახურია, გამოძიებას აღწერილობა ვერ მივაწოდე

აფხაზეთის ომის ვეტერანი, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს ვერსიას, რომ მასა და მის შვილზე თავდასხმა გრიგოლ გუგეშაშვილის პირად ცხოვრებას უკავშირდება, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა პირველ არხს განუცხადა.

„ვერსია, რომ თავდასხმა გოგოს გამო მოხდა, დღეს პირველად მოვისმინე“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი ასევე უარყოფს მომხდარის მხედრიონისდროინდელ საქმიანობასთან ან რაიმე ბიზნესთან კავშირს. როგორც გუგეშაშვილმა პირველ არხს განუცხადა, მკვლელობის ჩამოყალიბებული მოტივი ამ დროისთვის არ არსებობს.

გუგეშაშვილმა 7 თებერვალს თავდასხმის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დილის საათებში მასთან მივიდა უბრალო ნაცნობი ზურა, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ ვეტერანად გაეცნო.

„ამ 11 თვის განმავლობაში მას 4-5-ჯერ შევხვდი, გამეცნო ვეტერანად. გამუდმებით მთხოვდა, მის თურქ მეგობარს უკრაინაში მაღაზიაში ქარვის შეძენის შემდეგ აეროპორტამდე უსაფრთხოდ მიტანაში დავხმარებოდი. ყველა შეხვედრის დროს ეს თემა გვქონდა, ისევე, როგორც თავდასხმისა და მის წინა დღეს, რა დროსაც მანქანით სახლში მიმიყვანა. ის იმდენად უსახურია, რომ გამოძიებას აღწერილობა ვერ მივაწოდე. გამუდმებით შეფუთული დადიოდა და არაფრით გამოირჩეოდა.

7 თებერვალს ამოვიდა სახლში, ზარი დარეკა, შემოვუშვი და რამდენიმე წუთით საძინებელში გავედი. ერთ ოთახში ჩემს შვილს ეძინა, ამ დროს დენი წავიდა, საძინებლიდან გამოვდიოდი, როდესაც მან მესროლა“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულმა პირმა მაყუჩიანი იარაღიდან ესროლა და მეტი გასროლის ხმა არ გაუგია.

​როგორც გუგეშაშვილი იხსენებს, დაჭრილმა გარეთ გასვლა მოახერხა და შველას ითხოვდა იმ მოტივით, რომ მკვლელი მას თან გაჰყოლოდა და ამ გზით შვილი გადაერჩინა, თუმცა დაინახა, რომ 3-4 წუთში აღნიშნულმა პიროვნებამ კიბეზე ჩაირბინა. დოდო გუგეშაშვილს ამ პერიოდში დენის გათიშვაც საეჭვოდ მიაჩნია.

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი აღნიშნული საქმის გახსნაში დარწმუნებულია.

„იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ოჯახს მყარი ფსიქიკის ადამიანი არ ამოწყვეტდა“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა, რომელიც რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 თებერვალს ესროლეს.

შვილი გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმედ დაიჭრა.