დმიტრო კულებამ თურქ კოლეგასთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თურქ კოლეგასთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებულ საკითხებზე სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც კულება განმარტავს, კოლეგებმა ისაუბრეს „მარცვლეულის შეთანხმების“ მომავალზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„ხაზი გავუსვი რუსეთის გასვლის უარყოფით შედეგებს აფრიკის ქვეყნებისა და მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებისთვის. თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას შეთანხმების აღსადგენად“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, კულებამ აღნიშნა, რომ მათ ასევე განიხილეს შემდგომი ორმხრივი კავშირები უკრაინასა და თურქეთს შორის.
17 ივლისს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ დაარტყა უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურას და ადგილებს, სადაც ექსპორტისთვის განკუთვნილი მარცვლეული ინახებოდა.
5 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის პუტინის ვიზიტს ქვეყანაში აგვისტოში ელოდება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.