დმიტრო კულებამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისიას მტკიცებულებების შესაგროვებლად ბუჩაში ჩასვლისკენ მოუწოდა
დმიტრო კულებამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისიას მტკიცებულებების შესაგროვებლად ბუჩაში ჩასვლისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდნენ ბუჩაში და კიევის მახლობლად სხვა სოფლებში, რათა მოაგროვონ რუსების მიერ სამხედრო დანაშაულის დამამტკიცებელი მასალა.

კულებას თქმით, ეს მტკიცებულებები საერთაშორისო სასამართლოებში იქნება გამოყენებული, რათა ამ სისასტიკის ჩამდენები აუცილებლად დაისაჯონ.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ და ვეძებთ გვამებს, დაღუპულთა რიცხვი უკვე ასობითს გადასცდა. გვამები ქუჩაში ყრია. მათ ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს ამ სოფლებში. თუ მანამდე ვამბობდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა სამხედრო დამნაშავეები დასჯილიყვნენ, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი ცხოვრების საქმე იქნება, რომელსაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გავაკეთებ. იქამდე, ვიდრე ისინი პასუხს არ აგებენ“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასეთი რამის წარმოდგენა 21-ე საუკუნეში შეუძლებელი იყო, თუმცა ის უკრაინაში ხდება. კულებას თქმით, რუსეთი უკვე ტერორისტულ ორგანიზაცია „აისისზე“ უარესია.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.