დმიტრო კულება - ვლადიმირ ზელენსკი ნიუ იორკში მიემგზავრება მკაფიო მიზნით, გააძლიეროს უკრაინისთვის სამშვიდობო მხარდაჭერა
დმიტრო კულება - ვლადიმირ ზელენსკი ნიუ იორკში მიემგზავრება მკაფიო მიზნით, გააძლიეროს უკრაინისთვის სამშვიდობო მხარდაჭერა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი 21-22 სექტემბერს ნიუ იორკში მკაფიო მიზნით მიემგზავრება.

მისივე თქმით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე მონაწილეობის ფარგლებში, ზელენსკის მიზანია, მეტად გააძლიეროს საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერა უკრაინისთვის.

„პრეზიდენტი ნიუ იორკში მკაფიო მიზნით მიემგზავრება: კიდევ უფრო გააძლიეროს უკრაინისთვის სამშვიდობო მხარდაჭერა. ეს ეხება რუსული აგრესიის დაძლევას, უკრაინაში ინვესტიციების მოზიდვას და „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება გაერო-ს გენერალურ მდივანს, ნატო-ს გენერალურ მდივანს და რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ლიდერს. აგრეთვე, ცალკეულ შეხვედრას გამართავს უცხოელ ინვესტორებთან“, – განაცხადა მინისტრმა.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, ყირიმის საკითხი იქნება „წითელი ხაზი“ პრეზიდენტის მონაწილეობით გასამართ გენერალურ ასამბლეასა და შემდგომი მოლაპარაკებების ყველა დონეზე.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი, რომ ჩვენ „ყირიმის პლატფორმა“ წარმატებით განვახორციელეთ. მეორე, ყირიმი არის ნომერ პირველი საკითხი ჩვენი სახელმწიფოსთვის და დიპლომატიისთვის. ეს არ იქნება მსუბუქი საუბარი გაერო-ს გენერალურ მდივანთან, რადგან ჩვენ გვსურს გაერთიანებული ერების ფართო ჩართულობა ყირიმის საკითხებში. პრეზიდენტი გამართავს მოლაპარაკებებს მის კოლეგებთან კონკრეტულ საკითხებზე უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში“, – დაამატა კულებამ.