დმიტრო კულება - უკრაინის პოზიციაა, რომ გაფართოების პროცესი ევროკავშირის რეფორმის მძევალი არ უნდა გახდეს, ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი
დმიტრო კულება - უკრაინის პოზიციაა, რომ გაფართოების პროცესი ევროკავშირის რეფორმის მძევალი არ უნდა გახდეს, ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი

უკრაინის პოზიციაა, რომ გაფართოების პროცესი ევროკავშირის რეფორმის მძევალი არ უნდა გახდეს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი ევროკავშირის რეფორმის პროცესსა და გაფართოების გაგრძელებას შორის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ბერლინში კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

კულებას თქმით, მთავარია, რომ გაფართოება დამსახურებაზე იყოს დაფუძნებული.

„არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს შეუძლია, დაუშვას გაჭიანურებული რეფორმა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვახორციელებთ რეფორმას და ამ პროცესს გავაგრძელებთ. ჩვენ შეგვიძლია კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი რეფორმების ჩატარება უფრო სწრაფად, ვიდრე ევროკავშირი მოახდენს საკუთარ რეფორმირებას. მთავარია, გაფართოება იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული, რომელიც პატივს სცემს თითოეული ქვეყნის ტემპს, დინამიკას და გაწევრიანება არ უნდა გადაიდოს ან შეყოვნდეს რეფორმის გამო. უფრო ვრცელი ევროკავშირი არის უკეთესი ყველა ჩვენგანისთვის. ჩემი მოსაზრებით, რომ იყოს ძლიერი, ევროკავშირს სჭირდება, იყოს უფრო დიდი. ეს ძალიან მარტივია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა უნდა შეფასდეს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით. ვფიქრობ, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ ევროპის ყველა ქვეყანამ და კანდიდატმა ქვეყნებმა აჩვენონ მტკიცე ვალდებულება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების მიმართ და ეს იყოს ურთიერთობებში შემდგომი წინსვლის წინაპირობა“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.