დმიტრო კულება - უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია, ჩვენს ერებს შორის უფსკრულის გაჩენაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება პუტინს​
დმიტრო კულება - უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია, ჩვენს ერებს შორის უფსკრულის გაჩენაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება პუტინს​

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის პრეზიდენტის დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. კულებას თქმით, უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია და რუსები უკრაინაში არა მკვიდრ მოსახლეობას, არამედ ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ.

„უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია. კარგი მეზობლები ვიქნებოდით 2014 წელს რუსეთი უკრაინას თავს რომ არ დასხმოდა, ათასობით ადამიანი არ მოეკლა და ჩვენი მიწების ოკუპაცია არ მოეხდინა. ჩვენს ერებს შორის უფსკრულის გაჩენაზე პასუხიმგებლობა სრულად ეკისრება პუტინს, რომელმაც აგრესია წამოიწყო. უკრაინის მკვიდრი მოსახლეები არიან: ყირიმელი თათრები, კრიმჩაკები და ყარაიმები. რუსები არიან ეროვნული უმცირესობა, რომლებსაც ისევე როგორც სხვა უმცირესობებს, კონსტიტუცია იცავს. მათ დამოუკიდებელი სახელმწიფო აქვთ და შესაბამისად, ვერ ჩაითვლებიან მკვიდრ მოსახლეობად. ალტერნატიული ფანტაზიები, კლასიკური რუსული მანიპულაციაა“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია.