დმიტრო კულება აცხადებს, რომ ანტალიაში, სამმხრივ შეხვედრაზე უსაფრთხოების ახალ გარანტიებთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ
დმიტრო კულება აცხადებს, რომ ანტალიაში, სამმხრივ შეხვედრაზე უსაფრთხოების ახალ გარანტიებთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ანტალიაში, სამმხრივ შეხვედრაზე უსაფრთხოების ახალ გარანტიებთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.

ამ კომენტარით დმიტრო კულებამ უპასუხა კითხვას: „უკრაინის მმართველი პარტია გამოვიდა ინიციატივით ახალი უსაფრთხოების შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც აშშ და თურქეთი იქნებიან გარანტორი ქვეყნები. განიხილებოდა თუ არა ეს საკითხი სამმხრივ შეხვედრაზე“.

„არა, ჩვენ არ განგვიხილავს ეს საკითხი სამმხრივ შეხვედრაზე იმის მიუხედავად, რომ მზად ვიყავი ამისთვის, თუმცა მინისტრ ლავროვს ამის განხილვის ინტერესი არ ჰქონია. მან კვლავ გადაამისამართა ამგვარი საკითხები ბელარუსის მოლაპარაკებებზე. იდეა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან მარტივია. დიახ, ჩვენს კონსტიტუციაში წერია და ეს არის ჩვენი მუდმივი პოლიტიკა, რომ საბოლოოდ შევუერთდეთ ნატო-ს, როგორც სრულფასოვანი წევრი და ვისარგებლოთ უსაფრთხოების გარანტიებით, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური წესდება ითვალისწინებს, თუმცა ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არ მოხდება თვალის დახამხამებაში, არც განჭვრეტად მომავალში. ჩვენ ასევე ვხედავთ უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ნატო-ს რეაგირებიდან, რომ ნატო არ არის მზად, იმოქმედოს კოლექტიურად უკრაინაში ომის შესაჩერებლად და რუსეთის ავიადარტყმებისგან მოქალაქეების დასაცავად. მან მისცა უფლება თავის წევრებს, გააკეთონ ეს ორმხრივ საფუძველზე. ეს აჩენს კითხვას – როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება ამჟამინდელი პერიოდიდან ნატო-ს წევრობამდე. ეს არის შეკითხვა. მე ვერ ვისაუბრებ კონსტიტუციის წინააღმდეგ, თუმცა თუ ჩვენ შევძლებდით შეთანხმების მიღწევას, სადაც გარანტიების ანალოგიური სისტემა, როგორსაც ითვალისწინებს ჩრდილოატლანტიკური წესდება, შესაძლოა, უზრუნველყოფილი იყოს უკრაინისთვის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების, მათ შორის რუსეთის, ასევე ჩვენი მეგობრისა და მეზობელი თურქეთის მიერ, ყველა ჩვენი მეზობლის მიერ, ამ იდეის განსახილველად მზად ვართ.

ახლა მიმდინარეობს ომი, უკრაინა იმყოფება უსაფრთხოების ვაკუუმში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ კრეატიულად, როგორ გადავჭრათ ეს საკითხი და უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება. ამ ეტაპზე ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ჩვენი არმია და უკრაინელი ხალხი, რომელიც საკუთარ თავს წირავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ასევე მთელი რიგი პარტნიორებისა, მათ შორის თურქეთი, რომლებიც გვეხმარებიან ამაში, თუმცა ეს სისტემურად და მდგრადად უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

რუსეთ-უკრაინის პირველი დიპლომატების მოლაპარაკებები ანტალიაში დიპლომატიური კონფერენციის ფარგლებში, თურქული მხარის ინიციატივით გაიმართა და მას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდა.