დმიტრო კულება - უახლოეს პერსპექტივაში ვერ ვხედავ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ალიანსი საკუთარ პოზიციას შეიცვლის
დმიტრო კულება - უახლოეს პერსპექტივაში ვერ ვხედავ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ალიანსი საკუთარ პოზიციას შეიცვლის

უახლოეს პერსპექტივაში ვერ ვხედავ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ალიანსი საკუთარ პოზიციას შეიცვლის, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„როგორც მოველი, უახლოეს პერიოდში ნატო-ს მხრიდან გაგრძელდება დადასტურება, რომ კარი ღიაა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. უკრაინა ასევე რჩება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში მე ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ ნატო შეიცვლის საკუთარ პოზიციას ევროკავშირის მსგავსად და დაიწყებს კონკრეტულად რაიმეს კეთებას უკრაინის ალიანსში შესვლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირი მნიშვნელოვნად დაწინაურდა უკრაინასთან ურთიერთობაში, ხოლო ნატო ადგილზე დარჩა.

„არსებობს ნატო, როგორც ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებენ. ასე რომ, ამ ერთიან წრეში, ჩემი აზრით, არაფორმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული: იმისათვის, რათა რუსეთმა არ გამოიყენოს არგუმენტი, რომ ომშია ნატო-სთან, ალიანსი, როგორც ერთი მთლიანი, იქნება მეორეხარისხოვან როლში. მათ ახლა ხელახლა გააფორმეს თავიანთი დახმარების პაკეტი. იქ რაღაც მოხდება, მაგრამ სტრატეგიულად გადაწყდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ნატო არ იქნება წინა პლანზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, დმიტრო კულება ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ალიანსის გადაწყვეტილებამ, დაიწყოს ამ ქვეყნების გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, იმ არგუმენტების ანულირება მოახდინა, თუ რატომ არ შეიძლება უკრაინა გახდეს ნატო-ს წევრი.

„ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ საზღვარზე ვერ გავალთ, რომ რუსეთთან საერთო საზღვარი გვექნება. რას ამბობთ, ეს ხომ რუსეთია, ესკალაცია მოხდება. ახლა კი, ორი ათასი კილომეტრი აქვთ საერთო საზღვარი და ნატო სანქტ პეტერბურგის კართან იდგება. ანუ ყველა ის არგუმენტი, თუ რატომ არის შეუძლებელი უკრაინის ალიანსში შეყვანა, გაუქმდა. ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ მათ ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის მოიფიქრეს, რათა გაემართლებინათ ჩვენი ინტეგრაციის სურვილის უქონლობა“, – განაცხადა კულებამ.

დატოვე კომენტარი