დმიტრო კულება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას უადგილოს უწოდებს
დმიტრო კულება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას უადგილოს უწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის განცხადებას ეხმაურება და მას მეგობარი ქვეყნისთვის „უადგილოს“ უწოდებს. კულებას თქმით, უკრაინა აღნიშნული განცხადებით იმედგაცრუებულია.

კულებას განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.

„20 წლის წინ დასავლური ქვეყნები ასეთივე მენტორული ტონით ეუბნებოდნენ ესტონელებს, ლიეტუველებს, ლატვიელებს, რომ თქვენ კიდევ გჭირდებათ 20-30 წელი, რომ მომწიფდეთ ევროკავშირისთვის და ნატო-სთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ამ სიტყვების მოსმენა ესტონეთის პრეზიდენტისგან, მით უფრო, რომ მას ვესაუბრე „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე და ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, კერსტი კალიულაიდის განცხადება არ შეესაბამება უკრაინისა და ესტონეთის ურთიერთობების მეგობრულ ხასიათს.

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ ასეთი განცხადებებით და ისინი უადგილოდ მიგვაჩნია. ჩვენ ეს პოზიცია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის, უკრაინაში ესტონეთის ელჩს ვაცნობეთ. ასეთი რამ არ უნდა ჟღერდეს მეგობრებისგან და პარტნიორებისგან, ესტონეთი და უკრაინა კი – უდავოდ, მეგობრები და პარტნიორები არიან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

შეგახსენებთ, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად სავარაუდოდ 20 წელი სჭირდებათ.