დმიტრო კულება - სამწუხაროა, რომ გერმანიამ ნამდვილად დიდი როლი ითამაშა რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების შექმნაში, იმედი გვაქვს, ასევე ბევრს გააკეთებს რუსული სამხედრო მანქანის გაჩერებაში
დმიტრო კულება - სამწუხაროა, რომ გერმანიამ ნამდვილად დიდი როლი ითამაშა რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების შექმნაში, იმედი გვაქვს, ასევე ბევრს გააკეთებს რუსული სამხედრო მანქანის გაჩერებაში

ჩემთვის სამწუხარო სათქმელია, რომ თქვენ ნამდვილად დიდი როლი ითამაშეთ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების შექმნაში და იმედი გვაქვს, ასევე ბევრს გააკეთებთ რუსული სამხედრო მანქანის გაჩერებაში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კულებას თქმით, გერმანია და უკრაინა პარტნიორები არიან და ოფიციალური კიევი ომის დროს გერმანიისგან რამდენიმე სახის დახმარებას ელოდება.

„პირველ რიგში, უკრაინას სჭირდება იარაღი აუცილებელი თავდაცვისთვის. შესაძლოა, დრო მოვიდა, რომ ჩვენ მივიღოთ ყველა აუცილებელი იარაღი, რათა შევძლოთ თავდაცვა. ვისურვებდი, მენახა გერმანია სანქციებთან დაკავშირებით მოწინავე პოზიციებზე. გარკვეულ შემთხვევებში, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, უფრო წინ წავიდეს, მაგრამ გერმანია ამბობს: მოიცადეთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ეს მყისიერად შეუძლებელი იქნება, მაგრამ ველოდებით, რომ გერმანიის მთავრობა მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას, რადგან უკრაინა ევროპის ნაწილია და ევროპა უკრაინასთან ერთად უფრო უსაფრთხო იქნება. ბევრი წლის განმავლობაში თქვენ ეყრდნობოდით დიალოგს, მაგრამ ახლა ხედავთ ნამდვილ სახეს. ახლა ჩვენ ვიხდით საფასურს. ჩვენს ბავშვებს კლავენ, ჩვენი ქალაქები მიწასთან არის გასწორებული. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვაღიაროთ, შეცდომა დავუშვით, რომელიც უნდა გამოვასწოროთ. გააჩერეთ პუტინი, რადგან უკრაინა მისი ბოლო მიზანი არ არის. დამიჯერეთ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.