დმიტრო კულება - სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა და მას მხარდაჭერას გავუწევთ, ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, როდესაც ისინი განსაცდელში აღმოჩნდებიან
დმიტრო კულება - სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა და მას მხარდაჭერას გავუწევთ, ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, როდესაც ისინი განსაცდელში აღმოჩნდებიან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. კულებას განცხადების შესახებ უკრაინული მედია წერს.

ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინა მას დახმარებას გაუწევს.

მისი თქმით, დღეს დილით საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მივა, რათა განხილულ იქნას არსებული ვითარება. კულებას თქმით, უკრაინა ყველა თავის მოქალაქეს დაიცავს, როდესაც მათ პრობლემები ექმნებათ.

„ბუნებრივია, ის არის ჩვენი მოქალაქე და ჩვენ მას შესაბამის მხარდაჭერას გავუწევთ. დღეს დილით საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ჩვენი მოწვევით საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვა და მასთან ყველაფერს განვიხილავთ. ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, როდესაც ისინი განსაცდელში აღმოჩნდებიან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გუშინ დააკავეს. სააკაშვილი რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაშია გადაყვანილი.