დმიტრო კულება - რუსული ჯარების გადაჯგუფება იმის გამო ხდება, რომ ისინი ვერ უძლებენ ზეწოლას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ შეტევის გაგრძელებას სამი ფრონტიდან
დმიტრო კულება - რუსული ჯარების გადაჯგუფება იმის გამო ხდება, რომ ისინი ვერ უძლებენ ზეწოლას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ შეტევის გაგრძელებას სამი ფრონტიდან

რუსული ჯარების გადაჯგუფება ახლა იმის გამო ხდება, რომ ისინი ზეწოლას ვერ უძლებენ, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ შეტევის გაგრძელებას სამი ფრონტიდან, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კულებას თქმით, ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილება, შეემცირებინა სამხედრო აქტივობა ორ ფრონტზე – კიევსა და ჩერნიგოვში, მიღებული იქნა იმ დროს, როდესაც უკრაინულმა ძალებმა წარმატებით დაიწყეს მათი განდევნა სოფლებიდან და პატარა ქალაქებიდან.

როგორც კულება ამბობს, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ რუსები ვერ უმკლავდებოდნენ ზეწოლას და ვერ აკავებდნენ ფრონტის ხაზს კიევის გარშემო.

უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უფრო რეალისტური გახდა საკუთარი სამხედრო სტრატეგიის მიმართ.

„მჯერა, ის უკვე უფრო რეალური გახდა, რადგან ვერ წარმომიდგენია, რომ რუსული ჯარების გაყვანა უკრაინის ჩრდილოეთიდან მისი ბრძანება არ იყოს“, – განაცხადა მინისტრმა.

„თუ ამ ბოლოდრინდელ აქტიურობას ადამიანურ ენაზე თარგმნით, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „მე არ მაქვს საკმარისი ძალები, რათა გავაგრძელო უკრაინაზე თავდასხმა ერთდროულად სამი მხრიდან. ამიტომ, ჩემი სამხედრო ძალების ნაწილი სხვა მიმართულებით უნდა გადავიტანო, რათა იმ მხარეს ჩემი ჯარი გავაძლიერო“. როგორიც არ უნდა იყოს მისი სურათი რეალობის შესახებ, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომლებსაც ისინი ადგილზე დგამენ, შემიძლია დავასკვნა, რომ იგი საკმარისად ძლიერი არ არის, რომ უკრაინაზე ყველა მხრიდან თავდასხმა განაგრძოს, ეს ნათელია“, – განახადა უკრაინელმა მინისტრმა.

აქვე უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსული ჯარების გაყვანა შეიძლება იყოს სტრატეგიული მზადების მცდელობა დონბასზე თავდასასხმელად.