დმიტრო კულება რუსულ ბაზარზე დარჩენილ კომპანიებს მიმართავს - მთელ მსოფლიოს ეცოდინება, რომ თქვენ ფულს შოულობთ უკრაინელების სისხლის ხარჯზე
დმიტრო კულება რუსულ ბაზარზე დარჩენილ კომპანიებს მიმართავს - მთელ მსოფლიოს ეცოდინება, რომ თქვენ ფულს შოულობთ უკრაინელების სისხლის ხარჯზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა საჯაროდ დაასახელებს იმ კომპანიებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთის ბაზრის დატოვება. ამის შესახებ კულებამ უკრაინის საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ყველა კომპანია ხალისით არ ტოვებს რუსულ ბაზარს.

„გულწრფელად ვიტყვი, ყველა მათგანი ნებაყოფლობით არ ტოვებს რუსულ ბაზარს. ზოგის აქტიურ სტიმულირებას ვახდენთ, ზოგს ვაიძულებთ, რომ დატოვოს. ეს არის პირადად ჩემი და საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტიც. ახლა ყველაზე პრობლემური კომპანიებია „ნესტლე“, „უნილევერი“, საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელსაც ჩვენ ასე მივეჩვიეთ“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ზოგიერთი კომპანია უკრაინას თხოვნით მიმართავს, საჯაროდ არ ახსენონ ისინი და არ გააკრიტიკონ.

„მინდა, წინასწარ ვთქვა, რომ ჩვენ ამ კომპანიებს დავასახელებთ. ჩვენ ახლა მოგვმართავენ – შეიძლება, არ გვახსენოთ, შეიძლება საჯაროდ არ გაგვაკრიტიკოთ; ჩვენ თქვენთან რამე შეთანხმებას მივაღწევთო. ჩვენ ვამბობთ – არა, თუ თქვენ დარჩებით, ესე იგი თქვენ დაგასახელებთ. მთელ მსოფლიოს ეცოდინება, რომ თქვენ ფულს შოულობთ უკრაინელების სისხლის ხარჯზე. ჩვენ ძალიან მტკიცე და შეუწყნარებელი პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა კულებამ.

დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის ბაზრის დატოვება საჭიროა არა მხოლოდ მორალური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც.