დმიტრო კულება - ნატო-ს, უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობაში რუსეთს არაფერი ესაქმება, ეს ფუნდამენტური პრინციპია
დმიტრო კულება - ნატო-ს, უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობაში რუსეთს არაფერი ესაქმება, ეს ფუნდამენტური პრინციპია

რუსეთს აბსოლუტურად არაფერი ესაქმება ნატო-ს, უკრაინის და საქართველოს ურთიერთობაში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებამ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია.

მისივე თქმით, ეს ფუნდამენტური პრინციპია.

„ზაფხულისგან განსხვავებით, როდესაც რუსეთმა დაიწყო სამხედრო შეიარაღება, ჩვენი პარტნიორების ახლანდელი რეაქციებით კმაყოფილი ვარ, რადგან ვხედავ, რომ არა მხოლოდ სწორი, საჯარო გზავნილები შეიმუშავეს რუსეთის მიმართ, არამედ მოგვისმინეს და დაიწყეს შემაკავებელ პაკეტზე მუშაობა, რომელიც მოიცავს ძალიან სპეციფიკურ, მტკივნეულ სანქციებს რუსეთისთვის, თუ სამხედრო ძალის გამოყენებას გადაწყვეტს.

ამ მხრივ, კმაყოფილი ვარ მიღწეული პროგრესით და ეს არის გზა, რომელიც პარტნიორებმა მოისმინეს, რასაც უკრაინა ამბობდა. მიუხედავად ამისა, დიპლომატიის კანონია, რომ არაფერია შეთანხმებული, როცა ყველაფერია შეთანხმებული. ასე რომ, რადგან სანქციების პაკეტთან დაკავშირებით კონსენსუსს ვხედავთ მთავარ სახელმწიფოებს შორის, მე მაინც ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი.

რუსეთს აბსოლუტურად არაფერი ესაქმება ნატო-ს, უკრაინის და საქართველოს ურთიერთობაში. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი. ყველას შევახსენებდი, რომ 2014 წელს, უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად, ეს ლეგალური ჩანაწერი იყო, უკრაინა იყო უბლოკო ქვეყანა. ჩვენ ოფიციალურად გვქონდა გაცხადებული ნეიტრალიტეტი და ეს არ დაგვეხმარა, რადგან რუსეთი კვლავ თავს ესხმის უკრაინას, მიითვისა ყირიმი, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონის ნაწილი. ასე რომ, ვინც ამბობს, ცდილობს იმ არგუმენტის გასაღებას, რომ თუ უკრაინა და საქართველო უარს იტყვიან საკუთარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ნატო ზურგს შეაქცევს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის კურსს, ეს განაპირობებს რუსეთის უფრო კონსტრუქციულ ქცევას, ვითარების ნორმალურ კალაპოტში დააბრუნებს, ეს ხალხი რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია ან მათ მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში გადაწყვეტილების მიმღებები. უკრაინის შემთხვევა რუსეთის აგრესიის მორიგი ნათელი მაგალითია. ისინი აკეთებენ, რაც სურთ, იმის მიუხედავად, იქნები ნატო-ში ინტეგრირებული, თუ არ გააკეთებ ამას. ამდენად, ეს არც კი არის განსახილველი“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.