დმიტრო კულება - პუტინის ამბიციებს მხოლოდ მოლდოვით და საქართველოთი არ შემოვფარგლავდი, ის წავა იქამდე, სადამდეც ამის საშუალებას მისცემენ
დმიტრო კულება - პუტინის ამბიციებს მხოლოდ მოლდოვით და საქართველოთი არ შემოვფარგლავდი, ის წავა იქამდე, სადამდეც ამის საშუალებას მისცემენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ამბიციები არ შემოიფარგლება მისი უშუალო მეზობლების საზღვრებით და უფრო შორს წავა, იმდენად, რამდენის საშუალებასაც მას მისცემენ.

კულებამ გაიხსენა 2021 წლის ბოლოს რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას ითხოვდა.

„პუტინის ამბიციებს მხოლოდ მოლდოვით და საქართველოთი არ შემოვფარგლავდი. მისი გეგმები ბევრად უფრო შორს მიდის და ის წავა იქამდე, სადამდეც ამის საშუალებას მისცემენ“, – განაცხადა კულებამ.

დმიტრო კულებას თქმით, სწორედ ამიტომ პუტინის შესაჩერებლად საუკეთესო გზა უკრაინის დახმარებაა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რა ფასიც არ უნდა ჰქონდეს ახლა უკრაინის დახმარებას, ომის საკუთარი ძალებით დაწყების ფასი გაცილებით მაღალია, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლის მაღალი ფასის გამო, რომელსაც ახლა უკრაინა იხდის.

დმიტრო კულებას განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, მისი ამბიციები სცილდება უახლოესი მეზობლების საზღვრებს.

„ის არ ცნობს მრავალი სახელმწიფოს უფლებას, იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიც უნდა იყვნენ შეშფოთებული“, – დასძინა კულებამ.