დმიტრო კულება - მზად ვიქნები, სერგეი ლავროვს კვლავ შევხვდე მოცემულ ფორმატში, თუ იქნება არსებითი დისკუსიისა და გადაწყვეტილების მონახვის პერსპექტივები
დმიტრო კულება - მზად ვიქნები, სერგეი ლავროვს კვლავ შევხვდე მოცემულ ფორმატში, თუ იქნება არსებითი დისკუსიისა და გადაწყვეტილების მონახვის პერსპექტივები

მზად ვიქნები, სერგეი ლავროვს კვლავ შევხვდე მოცემულ ფორმატში, თუ იქნება არსებითი დისკუსიისა და გადაწყვეტილების მონახვის პერსპექტივები, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ანტალიაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრის ორგანიზებისთვის.

„ეს ადვილი არ იყო. მან პირველად გაამარტივა რუსეთისა და უკრაინის მინისტრების კონტაქტები მას შემდეგ, რაც რუსული აგრესია დაიწყო. საუბარია იყო როგორც მარტივი, ასევე რთული. მარტივი იმიტომ, რომ მინისტრი ლავროვი მიყვებოდა თავის ტრადიციულ ნარატივს უკრაინასთან დაკავშირებით. რთული კი იმიტომ, რომ გავაკეთე ყველაფერი, რათა სულ მცირე მომენახა დიპლომატიური გადაწყვეტილება ჰუმანიტარული ტრაგედიისთვის, რომელიც ვითარდება საბრძოლო რეგიონებში, ალყაშემორტყმულ ქალაქებში. ყველაზე ტრაგიკული სიტუაცია ამჟამად გახლავთ ქალაქ მარიუპოლში, აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ბომბავენ ჰაერიდან, რომელსაც ასევე ურტყამს საარტილერიო ცეცხლი. მე მოვედი აქ ჰუმანიტარული მიზნებით, რათა გამოვსულიყავი შეხვედრიდან, რომ მომხდარიყო ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობა შიგნით და პლიუს გარეთ. ანუ მარიუპოლიდან რომ გამოგვეყვანა მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ, დატოვონ ეს შიშისა და ბრძოლის ტერიტორია, ჰუმანიტარული დერეფანი გაგვეხსნა მარიუპოლში, რათა შეგვეტანა ჰუმანიტარული დახმარება ამ ქალაქში“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მისი თქმით, სერგეი ლავროვმა ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობაზე ვალდებულება ვერ აიღო.

„სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ აიღო აღნიშნული ვალდებულება საკუთარ თავზე, მაგრამ იგი ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან კონტაქტს დაგვპირდა ამ საკითხზე. ჩვენ ასევე წამოვწიეთ 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა მოგვეგვარებინა ყველაზე უფრო მწვავე ჰუმანიტარული საკითხები. ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწიეთ ამასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ჩანს, სხვები იღებენ გადაწყვეტილებას რუსეთში ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებდით ძალისხმევას, რათა მოგვეძებნა გადაწყვეტილება ჰუმანიტარული პრობლემებისთვის ადგილზე. მე მზად ვიქნები, შევხვდე კვლავ აღნიშნულ ფორმატში, მოცემულ ფორმატში, თუ იქნება პერსპექტივები არსებითი დისკუსიისა და გადაწყვეტილების მონახვისთვის. როდესაც ორი საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს ხვდება, მათ აქვთ მანდატი, მოლაპარაკება აწარმოონ უსაფრთხოების, მშვიდობის საკითხებზე. მანდატი, რომელიც მათ მიანიჭეს პარლამენტებმა, მათი ქვეყნების ლიდერებმა და მზად ვარ, აღნიშნული ჩართულობა გავაგრძელო იმ მიზნით, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, დასრულდეს სამოქალაქო პირების ტანჯვა და ჩვენი ტერიტორია გათავისუფლდეს რუსული საოკუპაციო ძალებისგან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.