დმიტრო კულება - ლავროვს ვიცნობ და ოპტიმისტურად ნამდვილად არ ვარ განწყობილი, ჩემი აზრით, მისი კომენტარები ემსახურება მოლაპარაკებების გაწყვეტას და დაზიანებას
დმიტრო კულება - ლავროვს ვიცნობ და ოპტიმისტურად ნამდვილად არ ვარ განწყობილი, ჩემი აზრით, მისი კომენტარები ემსახურება მოლაპარაკებების გაწყვეტას და დაზიანებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას შეფასებით, რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის კომენტარები მოლაპარაკებების გაწყვეტას და დაზიანებას ემსახურება.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კულებამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „თქვენი თურქი კოლეგა საუბრობდა თქვენს შეხვედრაზე და მოლაპარაკებაზე ლავროვთან. რა დამოკიდებულება გაქვთ ამასთან დაკავშირებით, ხართ თუ არა განწყობილი ოპტიმისტურად“.

კულებას განმარტებით, ამ ეტაპზე ლავროვისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს და ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.

„ბატონ ლავროვს მე ვიცნობ და ოპტიმისტურად ნამდვილად არ  ვარ განწყობილი. ჩემი აზრით, მისი კომენტარები ემსახურება მოლაპარაკებების გაწყვეტას და დაზიანებას ნამდვილად. მე ერთხელ შევხვდი მას უკვე ანტალიაში. ამ ეტაპზე მისგან, ასე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული მოლოდინები არ მაქვს. მინისტრი ლავროვი გახლავთ პრეზიდენტ პუტინის სისტემის ნაწილი და ის ამართლებს მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას, იმ ძალადობრივ ქმედებებს, რაც განხორციელდა ბუჩაში და უკრაინის სხვადასხვა სოფელში. ის ძალიან ბევრ კადრს ფეიკს უწოდებს, ეს ნამდვილად არ არის სწორი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს, თუ ამას მივაღწევთ, მაშინ მე შეხვედრაზე და საუბარზე თანახმა ვარ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ამასთან, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე: „სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, უკრაინელი ჯარისკაცები ესვრიან რუს ტყვეებს, ნახეთ თუ არა ვიდეო, რა იყო თქვენი რეაქცია“, – კულება პასუხობს, რომ უკრაინის სამხედრო ძალები ნამდვილად იცავენ საომარ წესებს, თუმცა შესაძლოა, არსებობდეს ცალკეული ინციდენტები, რაც გამოძიებული იქნება.

„მე არ მინახავს, მე ამის შესახებ გავიგე და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინის სამხედრო ძალები ნამდვილად იცავენ საომარ წესებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იზოლირებული ინციდენტები დარღვევისა შესაძლოა, არსებობდეს, მაგრამ ეს ნამდვილად გამოძიებული იქნება. მსურს, გადავამოწმო ამ ვიდეოს ჩაწერის თარიღი, რადგან თქვენ უნდა გესმოდეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ… უკაცრავად, თქვენ ამას ვერ გაიგებთ, დიდი ბოდიში, თქვენ არ გესმით, რას ვგრძნობთ, როდესაც ამას ვხედავთ, როდესაც ბუჩადან კადრები დავინახეთ და როდესაც ვესაუბრებოდით ადამიანებს, ვინც შეძლო და თავი დააღწია ამ ყველაფერს. ოთხი დღის განმავლობაში ქალბატონს აუპატიურებდნენ. ამის შემდეგ ის ჩავიდა კიევში, რის შემდეგაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეს ძალიან მძიმეა. თქვენ არ გესმით, რას ვგრძნობთ, რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ბავშვები, ეს ნამდვილად არ გახლავთ იმის მიზეზი, რომ რომელიმე მხარემ დაარღვიოს საომარი წესები, მაგრამ არსებობს რაღაც საკითხები, რასაც თქვენ ნამდვილად ვერ გაიგებთ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.