დმიტრო კულება - ჩვენი დროშა ლურჯი და ყვითელია, მის ქვეშ ვცოცხლობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ, სხვა დროშებს არ აღვმართავთ
ჩვენი დროშა ლურჯი და ყვითელია, ჩვენ მის ქვეშ ვცოცხლობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
ამ განცხადებით კულება რომის პაპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ერთ-ერთ შვეიცარიულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა. კულებას თქმით, უკრაინა არ აპირებს სხვა ფერის დროშის აღმართვას, გარდა ყვითელი და ლურჯისა.
„ჩვენი დროშა ლურჯი და ყვითელია. ჩვენ მის ქვეშ ვცოცხლობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. სხვა დროშებს არ აღვმართავთ“, – აღნიშნა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის, ვინც სიკეთის მხარეს იკავებს სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაში და არ ცდილობს მათ გათანაბრებას „მოლაპარაკებების“ დარქმევით, უფრო ძლიერია.
„რაც შეეხება თეთრ დროშას, ჩვენ ვიცით ვატიკანის ეს სტრატეგია მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიიდან. მოგიწოდებთ, არ გაიმეოროთ ისტორიული შეცდომები და თანმიმდევრულად დაუჭიროთ მხარი უკრაინას და მის ხალხს საკუთარი სიცოცხლისთვის სამართლიან ბრძოლაში“, – განაცხადა კულებამ.
შეგახსენებთ, რომის პაპმა ერთ-ერთ შვეიცარიულ გამოცემას მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა. ინტერვიუ რეზონანსული გამოდგა, ამიტომ ვატიკანის წარმომადგენლებმა დამატებითი განმარტებები გააკეთეს, რომ პაპი გულისხმობდა შემდეგს – მოლაპარაკებები არასდროს ნიშნავს კაპიტულაციას.