დმიტრო კულება - ჩვენ გვჭირდება ნაბიჯები, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას გააჩერებს დღეს, ვიდრე ეს არ მომხდარა, ვერ ვისაუბრეთ სანქციების სრულ ეფექტურობაზე
დმიტრო კულება - ჩვენ გვჭირდება ნაბიჯები, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას გააჩერებს დღეს, ვიდრე ეს არ მომხდარა, ვერ ვისაუბრეთ სანქციების სრულ ეფექტურობაზე

იარაღი არის ფულივით, მათ სიჩუმე უყვართ, ამიტომ დეტალებში არ ჩავალ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინას ბრძოლისთვის აუცილებელი იარაღი ექნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დმიტრო კულებამ აღნიშნა, მოკავშირეებმა უნდა იფიქრონ და იპოვონ შესაბამისი გამოსავალი, რადგან უკრაინისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის მიიღებს იარაღს.

„დისკუსია არ არის იარაღის ჩამონათვალზე, დისკუსია მიდის დროზე, როდის მივიღებთ ჩვენ მას და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ორი კვირის წინ საკმარისი იყო იმის თქმა, რას მივიღებდით, დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როდის მივიღებთ. ეს არის ის, რაზეც მოკავშირეებმა უნდა იფიქრონ და იპოვონ შესაბამისი გამოსავალი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველაფერს, რაც გაკეთდა ამ დრომდე სანქციების ფრონტზე, კი სიმართლეა, რომ სანქციების ბოლო რაუნდი სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთს.

ველოდებით სანქციების მეხუთე პაკეტს ევროკავშირისგან, მაგრამ ვიდრე დასავლეთი აგრძელებს რუსული გაზის ყიდვას, ის ერთი ხელით მხარს უჭერს უკრაინას, მეორე ხელით კი, რუსეთის ომის მანქანას, ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტი საუბრობს. ზარალი, რომელიც სანქციებით რუსეთს მიადგა, რუსეთის ეკონომიკას, გრძელვადიან პერსპექტივაში დააზარალებს, მაგრამ ხალხი კვდება დღეს და ჩვენ გვჭირდება ნაბიჯები, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას გააჩერებს დღეს, ვიდრე ეს ჯერ არ მომხდარა, ვერ ვისაუბრეთ სანქციების სრულ ეფექტურობაზე“, – განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, სანქციებით რუსეთს ზარალი მიადგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რუსეთის ომის მანქანის შესაჩერებლად.

„პარტნიორებთან ყოველთვის გვიწევს კედლების ნგრევა და ეს არის პრობლემა. პირველი კედელი იყო – არ ვაპირებთ იარაღის გამოგზავნას, კარგით, ეს კედელი დავანგრიეთ, თითქმის. შემდეგი კედელი იყო – გამოგიგზავნით მსუბუქ იარაღს, მაგრამ არა მძიმე შეიარაღებას, ეს კედელიც დავანგრიეთ. შემდეგ მოვისმინეთ – გამოგიგზავნით თავდაცვით იარაღს, მაგრამ ვერ გამოგიგზავნით შეტევით იარაღს, კარგით, ჩვენ ავუხსენით მათ, რომ ამას არ აქვს აზრი უკრაინის შემთხვევაში, რადგან ჩვენ თავს ვიცავთ, ჩვენ შემთხვევაში ნებისმიერი იარაღი თავდაცვითია, დავანგრიეთ ეს კედელიც და ახლა ჩვენ ვართ ასეთ ვითარებაში, როდის გამოგვიგზავნით ამ იარაღს. გვეუბნებიან ამას დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ეს დრო არ გვაქვს. ადრე რომ მოესმინათ ჩვენთვის, ახლა ეს დისკუსია არ გვექნებოდა.

მე ვუთხარი პარტნიორებს დიდი შვიდეულსა და ევროკავშირს, ამას ღიად ვიტყვი – მე ვიცი სანქციების საწყისი პაკეტი როგორი იყო და ის შემდეგ გაძლიერდა. როდესაც ჩვენ გეუბნებოდით, რომ გაგეძლიერებინათ სანქციები, მაშინ არ მოგვისმინეთ. ბუჩას კადრების ნახვის შემდეგ დაგვეთანხმეთ, რომ სანქციები უნდა გაძლიერდეს, რაც იყო მანამდე მომზადებული, ის საკმარისი არ არის. რამდენი ბუჩა უნდა მოხდეს თქვენთვის, რომ სანქციები დააწესოთ, რამდენი ბავშვი, ქალი, კაცი უნდა დაიღუპოს, რომ მიხვდეთ, თქვენ არ შეგიძლიათ დაიღალოთ სანქციების დაწესებით, ისევე, როგორც ჩვენ არ შეგვიძლია დავიღალოთ ბრძოლით. ჩვენ პროცესში ვართ, მაგრამ კმაყოფილი ვარ საერთო ჯამში დინამიკით, როგორ ვითარდებიან პარტნიორები, მაგრამ სამწუხაროდ, ამის საფასური საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.