დმიტრო კულება - ბუჩას მსხვერპლისა და უკრაინელი ხალხის სახელით მოვითხოვ ჩვენი პარტნიორებისგან, მიიღონ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე კვირაში, ეს არის უკრაინელი ერის ვედრება
დმიტრო კულება - ბუჩას მსხვერპლისა და უკრაინელი ხალხის სახელით მოვითხოვ ჩვენი პარტნიორებისგან, მიიღონ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე კვირაში, ეს არის უკრაინელი ერის ვედრება

ის საშინელებები, რაც ბუჩაში ვიხილეთ, რუსეთის არმიის დანაშაულების აისბერგის მხოლოდ მწვერვალია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ვარშავაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან ლიზ ტრასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კულებას თქმით, მარიუპოლში სიტუაცია გაცილებით უარესია, ვიდრე ბუჩაში.

„ის საშინელებები, რაც ბუჩაში ვიხილეთ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულების აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. მე შემიძლია გითხრათ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თუმცა უდიდესი მწუხარებით, რომ სიტუაცია მარიუპოლში კიდევ უფრო უარესია იმასთან შედარებით, რაც ბუჩაში და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში ვიხილეთ“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„სანახევრო ზომები აღარ არის საკმარისი. ბუჩას მსხვერპლისა და უკრაინელი ხალხის სახელით მოვითხოვ ჩვენი პარტნიორებისგან, მიიღონ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე კვირაში. ეს არ არის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნა. ეს არის გაუპატიურების, წამების, მკვლელობების მსხვერპლთა, მათი ნათესავების, მთელი უკრაინელი ერის ვედრება“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

კულებამ ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთაც, მისი თქმით, ჯერ კიდევ აქვთ ეჭვები რუსული ბანკების „სვიფტიდან“ გათიშვასთან, რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვასთან, რუსული ხომალდების პორტებში არშეშვებასთან დაკავშირებით, მიიწვია ბუჩაში, რათა მათ თავად ნახონ მასობრივი სამარხები.