დმიტრო კულება - ერთადერთი, ვისაც სამობილიზაციო ასაკის 18 წლამდე შემცირება გაახარებდა, ჩემი შვილია, რომელიც 18 წლისაა და ძლივს დავარწმუნე, რომ უნივერსიტეტში სწავლა გაეგრძელებინა
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ BBC-სთან ინტერვიუში განიხილა სამობილიზაციო ასაკის შესაძლო შემცირების საკითხი და მისი პირადი დამოკიდებულება საკუთარი შვილის სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.
კულებას თქმით, მიუხედავად არსებული შეშფოთებისა, სამობილიზაციო ასაკის შემცირება 25-დან 18 წლამდე ნაკლებად სავარაუდოა.
„არ ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება ისეთი დრამატული იქნება, როგორც ჟღერს. არ მესმის, რატომ უნდა შემცირდეს ასაკი პირდაპირ 18 წლამდე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე გენერლებმა უნდა წარუდგინონ არგუმენტები პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პარლამენტს და, რაც მთავარია, უკრაინელ ხალხს.
„ეს იქნება უკიდურესად მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელსაც უკრაინული საზოგადოების არცერთი ნაწილი არ მიესალმება“, – აღნიშნა კულებამ.
ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ მისი 18 წლის შვილი, რომელიც სამხედრო სწავლებას გადის, მზადაა, იბრძოლოს ქვეყნისთვის.
„ვფიქრობ, რომ ერთადერთი, ვისაც ასაკის 18 წლამდე შემცირება გაახარებდა, ჩემი შვილია, რომელიც 18 წლისაა. ძლივს დავარწმუნე, რომ უნივერსიტეტში სწავლა გაეგრძელებინა“, – განაცხადა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება ექნებოდა შვილის გადაწყვეტილებაზე ფრონტზე წასვლის შესახებ, კულებამ უპასუხა: „პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს არ არის ის, რასაც უნდა ესწრაფოდე, მაგრამ თუ შენი დრო დადგება, გამოწვევას ღირსეულად უნდა შეხვდე“.
კულებამ ასევე აღნიშნა, რომ მისი მიზანი არ არის, იყოს მამა, რომელიც შვილებს თავს ახვევს საკუთარ მოსაზრებებს.
„ის 18 წლისაა და შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები. ერთადერთი, რასაც ვთხოვ, არის უნივერსიტეტის დამთავრება, რადგან ფრონტის ხაზიდან დაბრუნების შემდეგ სწავლის დასრულება უკიდურესად რთული იქნება“, – აღნიშნა კულებამ.