დმანისის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად სკოლის შენობა და 20-მდე სახლი დაზიანდა
დმანისის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად სკოლის შენობა და 20-მდე სახლი დაზიანდა

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად სკოლის შენობა და 20-მდე სახლი დაზიანდა. სახლებსა და სოფელ განთიადის საჯარო სკოლას ბზარები აღენიშნება.

დღეიდან, განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. სკოლა დაელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რის შემდეგაც უნდა გაირკვეს, დაექვემდებარება თუ არა სკოლა რეაბილიტაციას თუ მისი დემონტაჟი გახდება აუცილებელი.

იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა დემონტაჟის შესახებ დასკვნას დადებს, მოსწავლეები და მასწავლებლები მეზობელი სოფლების სკოლებში გადანაწილდებიან. მათ ტრანსპორტირებას კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

დმანისში დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. ადგილზე იმყოფება ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი. ადგილობრივ მოსახლეობას ზარალს ხელისუფლება აუნაზღაურებს.