ჟვანიას კლინიკის თანამშრომლის კოვიდინფიცირების წყარო უცნობია
ჟვანიას კლინიკის თანამშრომლის კოვიდინფიცირების წყარო უცნობია

თბილისში, ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის თანამშრომლის კოვიდინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც საქართველოს პირველ არხს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, მანანა ჟვანიამ განუცხადა, ინფიცირებული კლინიკის ეკონომისტია და ადმინისტრაციულ ნაწილში მუშაობს, რომელიც კლინიკური ფლიგელისგან სრულად იზოლირებულია. ინფიცირებულს  12 თანამშრომელთან ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი, რომლებიც უკვე იზოლირებული არიან.

„არ ვიცით, ცალსახად სად დაინფიცირდა ჩვენი თანამშრომელი. ინფიცირებული არის კლინიკის ეკონომისტი, მხოლოდ ადმინისტრაციულ ნაწილში მუშაობს, რომელიც იზოლირებულია კლინიკური ნაწილისაგან. მას კლინიკურ ფლიგელთან შეხება არ ჰქონია. ადმინისტრაციის 12 თანამშრომელი, რომელთაც ჰქონდათ ამ პირთან კონტაქტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგ ხათუნა ზახაშვილთან სატელეფონო კონსულტაციის შემდგომ, იზოლირებული არიან მომავალი ორი კვირის განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლის ინფიცირების წყარო უცნობია“, – აცხადებს მანანა ჟვანია.

დაწესებულების კლინიკური დირექტორის თქმით, ჟვანიას კლინიკაში კოვიდინფექციის შემთხვევა არ ყოფილა, გამოკვლეულ იქნა ყველა პაციენტი, რომელმაც დაწესებულებას ცხელებითა და კოვიდინფექციის საეჭვო სიმპტომებით მიმართა, თუმცა ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.

„კლინიკა ფუნქციონირებას განაგრძობს, ვინაიდან შენობის ადმინისტრაციული ნაწილი იზოლირებულია და ინფიცირებულს კლინიკასთან შეხება არ ჰქონია. ინფიცირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი მდგომარეობა დღეისთვის დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მანანა ჟვანიამ.

ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.