ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანებად ჟურნალისტები დაასახელა
ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანებად ჟურნალისტები დაასახელა

სიმართლის ძიებაში გაწეული უდიდესი რისკებისთვის, სამოქალაქო დისკურსისთვის უმთავრესი, ხარვეზებიანი, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტების ძიებისთვის, ხმის ამაღლებისა და საუბრისთვის, მცველები – ჯამალ ხაშოგი, Capital Gazzette, მარია რესა, ვა ლონი, კიავ სოეო – Time-ის 2018 წლის ადამიანები არიან.

Time-ის სარედაქციო ჯგუფის განმარტებით, მედიის წარმომადგენლებისთვის პატივის მიგების გადაწყვეტილება დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე მიიღეს, როდესაც საფრთხე იგრძნობა, როგორც ხელისუფლების მხრიდან ასევე ტექნოლოგიური მიღწევებიდან.

წლის ადამიანად დასახელებული არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი გამოცემა The Washington Post-ისთვის წერდა. ის საუდის არაბეთის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდა. ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ორ ოქტომბერს წამებით მოკლეს.

მიანმარელი ვა ლონი და კიავ სოეო სააგენტო „როიტერის“ ადგილობრივი ჟურნალისტები არიან. მედიის წარმომადგენლები ქვეყნის ხელისუფლებამ სამ სექტემბერს დააკავა და საიდუმლო დოკუმენტების ფლობისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საერთაშორისო საზოგადოება და უფლებადამცველი ორგანიზაციები ჟურნალისტების დაკავების საქმეს მიანმარისთვის ერთგვარ დემოკრატიის ტესტად აფასებენ და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ფილიპინელი მარია რესა Rappler-ის დამფუძნებელია, გამოცემის რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ხშირად აკრიტიკებს. ხელისუფლებამ მარია რესა და Rappler-ი გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით ნოემბერში დააჯარიმა.

წლის ადამიანთა სიაში ასევე მოხვდა მერილენდის შტატში მდებარე გამოცემა Capital Gazzette-ს სარედაქციო კოლეგია, რომელთა ხუთი წევრიც ივნისში შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.