ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთს სირიის პორტ ტარტუსიდან ყველა გემი გაჰყავს
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთს სირიის პორტ ტარტუსიდან ყველა გემი გაჰყავს. ანალოგიური განცხადება გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ.
მანამდე ტელეკომპანია „ალ ჯაზირამ“ გაავრცელა ცნობა, რომ სირიელი მეამბოხეები ხმელთაშუა ზღვის პირას მდებარე საპორტო ქალაქ ტარტუსში შევიდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთმა ტარტუსის პორტიდან გაიყვანა ფრეგატი „ადმირალი გრიგორევიჩი“ და სატვირთო ხომალდი „ინჟინერი ტრუბინი“. მათივე ცნობით, რუსებს სამხედრო თვითმფრინავებით გააქვთ ხმეიმის ავიაბაზაზე განლაგებული ტექნიკა და იარაღი.
„ნავლა ნიუსის“ ცნობით, სირიაში მდებარე რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა რუსეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. რუსეთის ფლოტს ეს ბაზა 1971 წლიდან აქვს, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი გამოყენება არ ხდებოდა. 2012 წელს სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ტარტუსის ბაზამ კვლავ დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ის იქცა რუსეთის მთავარ საზღვაო ბაზად საზღვარგარეთ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ ბაზის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. უკრაინაში შეჭრამდე რუსეთმა გააფართოვა თავისი წარმომადგენლობა ამ ბაზაზე, რათა წინააღმდეგობა გაეწია და შეეკავებინა ნატო-ს ჩართულობა, განსაკუთრებით იმ ავიამზიდების საშუალებით, რომლებიც ალიანსს ხმელთაშუა ზღვაში ჰყავს.
ამასთან, როგორ „ბიბისი“ წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თურქეთმა ჩაკეტა სრუტეები სამხედრო ხომალდებისთვის, რის გამოც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა დაკარგა შესაძლებლობა, შავ ზღვაში გაეგზავნა გემები. ამ ფონზე ტარტუსის პორტის ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა.
8 დეკემბერს რუსულმა მედია გაავრცელა ცნობა, რომ სირიელი მეამბოხეები შეიჭრნენ ტარტუსში. ამავე დღეს რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „რუსული ბაზები სირიაში გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი და ამჟამად მათ უსაფრთხოებას სერიოზულად არაფერი ემუქრება“.