ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია - 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით 45 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია - 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით 45 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით 45 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო.

მათივე ცნობით, 1991 წლიდან დღემდე, საკუთარი საქმიანობის გამო, მსოფლიო მასშტაბით სულ 2 721 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მედიის 20 თანამშრომელი მოკლეს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 10, აფრიკაში – რვა, ევროპაში – ექვსი, აღმოსავლეთის რეგიონში კი ერთი.

ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს მედიის ყველაზე მეტი თანამშრომელი ავღანეთში მოკლეს, შემდეგ მოდის მექსიკა, ინდოეთი და პაკისტანი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო წლებში შემცირდა შეიარაღებული კონფლიქტების გაშუქებისას მედიის დაღუპულ თანამშრომელთა რაოდენობა, თუმცა იზრდება კრიმინალურ დაჯგუფებებთან და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქების გამო ჟურნალისტთა მიზანმიმართული მკვლელობის რიცხვი.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივან ენტონი ბელანჟერის თქმით, გასულ წელს დაღუპული 45 კოლეგა მსოფლიოს ახსენებს იმ საშინელ მსხვერპლს, რომელსაც ჟურნალისტები გაიღებენ საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.