ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ბრალდებულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:05, 17.03.2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ი.ყ. დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

„სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე ი.ყ.-მ სატელევიზიო კომპანია „პალიტრა ნიუსის“ ვიდეო ოპერატორი ბ.მ. მიიჩნია ლგბტ თემის მხარდამჭერად და ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით და ძალადობით  ბ.მ.-ს დევნა განახორციელა და შეეცადა დაზარალებულისთვის  პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლას, მათ შორის იმ მიზნით, რომ ბ.მ.-ს არ განეხორციელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრების მოპოვება და გავრცელება.

სამართალდამცველებმა ი.ყ. 6 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ყ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსგავსი