ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა დაიწყოს.
როგორც მანდატურებმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, დარბაზში სააკაშვილი უნდა შემოიყვანონ და ამის გამო ჟურნალისტებს დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.
მედია დარბაზში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მათ შორის იყო პირველი არხის გადამღები ჯგუფიც.
მედიის წარმომადგენლები სასამართლოს შენობაში რჩებიან.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც ცნობილია, პროცესს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც დაესწრება.
სასამართლოსთან ამ დროისთვის რამდენიმე ათეული პოლიციელი და აქტივისტია შეკრებილი.
უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივნის, ლარისა სარგანის ინფორმაციით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ის დაკავებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეპუტატების თავდებობით გაათავისუფლონ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 8 დეკემბერს დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში მოხდა.
სააკაშვილი ეჭვმიტანილია იმ დანაშაულების ჩადენაში, რომლითაც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).