ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გერმანიაში დააკავეს
ბულგარელი ჟურნალისტის, ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გერმანიაში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარული ტელეკომპანია NOVA TV ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, დაკავებულია ბულგარეთის მოქალაქე, 21 წლის მამაკაცი.
არაოფიციალური მონაცემებით, მისი დნმ დანაშაულის ადგილზეა აღმოჩენილი. გარდა ამისა, ეჭვმიტანილის სახლში ნახეს მოკლული ჟურნალისტის ტანსაცმელი სისხლის კვალით.
ეჭვმიტანილი ქალაქ რუსეს მცხოვრებია. მან ბულგარეთი შვიდ ოქტომბერს დატოვა და ჰამბურგში დედასთან და მამინაცვალთან ჩავიდა. სწორედ იქ მოხდა მისი დაკავება.
შეგახსენებთ, გუშინ ბულგარეთის პოლიციამ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუმინეთის მოქალაქე დააკავა, თუმცა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.
გახმაურებული მკვლელობა ბულგარეთის ქალაქ რუსეში ექვს ოქტომბერს მოხდა. მედიის ჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა გააუპატიურეს და მოკლეს, მისი ცხედარი რუსეს პარკში აღმოაჩინეს.
მარინოვა ტელეკომპანია TVN -ის დირექტორი და ორი საგამოძიებო გადაცემის წამყვანი იყო. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბოლო თემა, რომელზეც მარინოვა მუშაობდა, ევროკავშირის ფონდების გაფლანგვის სკანდალი იყო. საუბარია ევროკავშირის მიერ ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებზე. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ფინანსურ მაქინაციებთან შესაძლოა, ბულგარეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იყვნენ დაკავშირებული.