ჟოზეფ ბორელი - საქართველოში შეიქმნა ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მეტად სანდო და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, ახლა ველოდებით ამ კანონების ეფექტურ აღსრულებას და დემოკრატიის უმაღლესი ხარისხის დაცვას
ჟოზეფ ბორელი - საქართველოში შეიქმნა ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მეტად სანდო და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, ახლა ველოდებით ამ კანონების ეფექტურ აღსრულებას და დემოკრატიის უმაღლესი ხარისხის დაცვას

მარტში პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას, რომლის თანაფასილიტატორი იყო ევროკავშირის დელეგაცია, საქართველოში შეიქმნა ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მეტად ინკლუზიური, სანდო და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„საქართველო არის ევროკავშირის ახლო პარტნიორი ჩვენს სამეზობლოში. მას ხელმოწერილი აქვს ამბიციური ასოცირების შეთანხმება, რომელიც ასევე მოიცავს თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებასაც, რომელიც დაფუძნებულია ერთიან ღირებულებებზე და პასუხისმგებლობაზე. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ადამიანის უფლებების, დაკავშირებისა და უსაფრთხოების სფეროებში აკადემიურ გაცვლით პროგრამებში და „ერასმუს+“-ის პროგრამაში. ჩვენი ნორმები და სტანდარტები ეტაპობრივად უახლოვდება ერთმანეთს, რაც მოქალაქეთა ცხოვრებას რეალურად აუმჯობესებს. ჩვენ ველოდებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა შევათანხმოთ ერთობლივი პრიორიტეტბი ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში 2020 წლის შემდეგ. მაგალითად, ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცება უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენებასთან საბრძოლველად. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 2020 წლის მარტში ჩვენს მულტილატერალულ ურთიერთობებში გაუმჯობესებულ ხედვას შეიმუშავებს“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის სოლიდარობა საქართველოს მხარდასაჭერად „კოვიდ-19“-ის სოციალ-ეკონომიკური შედეგების დასაძლევად არის მტკიცე. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა მოახლოებულ არჩევნებსა და სასამართლო რეფორმაზე.

„ჩვენ საქართველოს დასახმარებლად ორმხრივი ფონდების სახით გამოვყავით 180 მილიონი ევრო და 150 მილიონი ევრო მაკროფინანსური მხარდაჭერის სახით, რაც დამოკიდებულია მიღწეულ პროგრესზე. მოდი, გადავხედოთ ამ ქვეყნის შიდა გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. აქ მე სამ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას. ესენია – საარჩევნო კონტექსტი, სასამართლო რეფორმა და კონფლიქტები. ოქტომბერი საქართველოსთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი თვეა, რადგან ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. მარტში პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას, რომლის თანაფასილიტატორი იყო ევროკავშირის დელეგაცია. შედეგად, შეიქმნა ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტად ინკლუზიური, სანდო და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. ახლა ჩვენ ველოდებით ამ კანონების ეფექტურ აღსრულებას და დემოკრატიის უმაღლესი ხარისხის დაცვას. მართლმსაჯულების სექტორში მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა გადახედოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს, რაც ძირს უთხრის გამჭვირვალე, ნამდვილ დამსახურებებზე დაფუძნებული ნომინაციის პროცესს, რაც ნახსენებია ანგარიშშიც. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებაში ეთიკისა და ხელშეუხებლობის უმაღლესი სტანდარტის დაცვა“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

„და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე და უცვლელი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განგრძობადი ბორდერიზაცია სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვნახეთ უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ჩორჩანა-წნელისთან. მე ძალიან შეშფოთებული ვარ, რადგან გადასასვლელი პუნქტები კვლავ დახურულია, რაც ართულებს მკურნალობას, კონტაქტებსა და საარსებო წყაროებთან წვდომას. ჩვენ მუდამ ვუმეორებთ რუსეთს, ორმხრივ ან მრავალმხრივ ფორმატში, რომ შეშფოთებული ვართ და ჩვენ ასეც გავაგრძელებთ, საქართველოს სტაბილურობისთვის, რომელიც იმსახურებს მშვიდობიან საზღვრებს ყველა მეზობლებთან“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.