ჟოზეფ ბორელი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მოსკოვში საუბრისას შევეხეთ
ჟოზეფ ბორელი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მოსკოვში საუბრისას შევეხეთ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც შევეხეთ ჩვენს პრობლემურ სამეზობლოზე საუბრისას მოსკოვში, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა რუსეთის დედაქალაქიდან დაბრუნების შემდეგ დაწერილ ბლოგში განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ სამეზობლოში რუსეთი და ევროკავშირი სულ უფრო ხშირად არიან წინააღმდეგობაში.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება და სირიისა და ლიბიის კრიზისი ასევე იყო ის საკითხები, რომლებსაც შევეხეთ ჩვენი პრობლემური სამეზობლოს მიმოხილვის დროს, სადაც რუსეთი და ევროკავშირი უფრო ხშირად რჩებიან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ამ ყველაფრის განხილვისას, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველამ სრულად უნდა ვცეთ ეუთო-ს ვალდებულებებს პატივი, მათ შორის, ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია ბორელის ბლოგში.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვში მისმა ვიზიტმა აჩვენა, რომ რუსეთს ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზების ნაკლები ინტერესი აქვს. ჟოზეფ ბორელი არ გამორიცხავს, რომ ბრიუსელმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.