ჟოზეფ ბორელი - საქართველოს 1,2 მილიონამდე მოქალაქე ჩამოვიდა უვიზოდ შენგენის ზონაში და ველოდები კიდევ უფრო მეტს მომავალში
ჟოზეფ ბორელი - საქართველოს 1,2 მილიონამდე მოქალაქე ჩამოვიდა უვიზოდ შენგენის ზონაში და ველოდები კიდევ უფრო მეტს მომავალში

საქართველოს 1,2 მილიონამდე მოქალაქე ჩამოვიდა უვიზოდ შენგენის ზონაში და ველოდები კიდევ უფრო მეტს მომავალში, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, გამომგზავრებამდე მოხდეს მოქალაქეების შემოწმება.

„განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის გაცვლითი პროგრამების რაოდენობის გაზრდა, განათლების, კვლევით და სპორტის სფეროებში. ასეთი სფერო ძალიან ბევრია, დამიჯერეთ. 2017 წლიდან 1,2 მილიონამდე უვიზო ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონაში და მე ველოდები კიდევ უფრო მეტს მომავალში.

სამწუხაროდ, ამავე დროის იყო თავშესაფრის მაძიებლების უსაფუძვლო განცხადებების მაღალი რაოდენობა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია მგზავრობისწინა მოთხოვნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ეფექტიანი შესრულება“, – განაცხადა ბორელმა.