ჟოზეფ ბორელი - რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა, გახდეს პირველი ნაბიჯი ყოვლისმომცველი დარეგულირებისკენ
ჟოზეფ ბორელი - რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა, გახდეს პირველი ნაბიჯი ყოვლისმომცველი დარეგულირებისკენ

რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორშაბათს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაეხმარება კიდევ უფრო მეტი მსხვერპლის თავიდან აცილებაში და შესაძლოა, გახდეს პირველი ნაბიჯი ყოვლისმომცველი დარეგულირებისკენ, – ასე გამოეხმაურა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.

„მივესალმები მთიან ყარაბაღში და მის გარშემო საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას. რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორშაბათს შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა დაეხმარება უფრო მეტი ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილებაში და როგორც ვიმედოვნებთ, გახდება ყოვლისმომცველი დარეგულირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ახლა მოლაპარაკებებმა უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი დარეგულირების მდგრადობა.

ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ჩამოყალიბებულ ფორმატს და მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ ძალისხმევაში და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს მშვიდობიანი განვითარებისა და კეთილდღეობის შესახებ შეთანხმებების შესრულებაში“, – ნათქვამია ჟოზეფ ბორელის განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.