ჟოზეფ ბორელი - რუსეთის ქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთით, ყირიმის უკანონო ანექსიამ, ასევე მისმა ქმედებებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დიდი როლი ითამაშა ევროპაში უსაფრთხოების მხრივ სიტუაციის გაუარესებაში
ჟოზეფ ბორელი - რუსეთის ქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთით, ყირიმის უკანონო ანექსიამ, ასევე მისმა ქმედებებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დიდი როლი ითამაშა ევროპაში უსაფრთხოების მხრივ სიტუაციის გაუარესებაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა რუსეთის მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულების ორ პროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ჯოზეფ ბორელის განცხადებაში საუბარია რუსთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებითაც.

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ევროპის უსაფრთხოებას, რომელიც დაფუძნებულია ეროვნული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ძირითად პრინციპებზე. დღეს ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. რუსეთის ქმედებებმა, კონკრეტულად კი ყირიმის უკანონო ანექსიამ, მისმა როლმა უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის გაღვივებაში, ასევე რუსეთის ქმედებებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და დნესტრისპირეთის რეგიონში, ასევე ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერამ, დიდი როლი ითამაშა ევროპაში უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესებაში. სულ ცოტა ხნის წინ, რუსული ჯარების გაძლიერებამ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, ახალი საფრთხეები და შეჭრის შიში გააჩინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ევროკავშირმა ნათლად გამოხატა რომ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზაციას გადამწყვეტი პასუხი ექნება. ბორელის თქმით, ამავდროულად ევროკავშირს სჯერა, რომ დიალოგი, შეთანხმება და თანამშრომლობა არის ერთადერთი გზა დაპირისპირების გადასაწყვეტად და მშვიდობის დასამყარებლად.

ამასთან, ჯოზეფ ბორელი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების გაძლიერება და რუსეთის მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულების პროექტები იყო. საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ნებისმიერ სამომავლო აგრესიას კი, მკაცრი პასუხი გაეცემა.