ჟოზეფ ბორელი - რთულია, გვქონდეს ისეთი ურთიერთობები, რომელზეც ვოცნებობდით 90-იანებში და ვსაუბრობდით ევროპაზე ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე
ჟოზეფ ბორელი - რთულია, გვქონდეს ისეთი ურთიერთობები, რომელზეც ვოცნებობდით 90-იანებში და ვსაუბრობდით ევროპაზე ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე

რთულია, გვქონდეს ისეთი ურთიერთობები, რომელზეც ვოცნებობდით 90-იანებში, როდესაც ვსაუბრობდით ევროპაზე ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არის საკითხები, სადაც მხარეებს ერთად მუშაობა შეუძლიათ, რაც კარგი შედეგების მომტანია.

„რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია, ევროპის ნაწილია და მასთან ჩართულობას ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, რთულია გვქონდეს ისეთი ურთიერთობები, რომელზეც ვოცნებობდით 90-იანებში, როდესაც ვსაუბრობდით ევროპაზე ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე. ეს დღეს უფრო რთულია, ვიდრე ოცი ან ოცდაათი წლის წინ.

ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთის ინტერესებს და მის პასუხისმგებლობებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და პოლიტიკურ თავისუფლებას. ეს ცენტრალური საკითხია ჩვენი საერთო მომავლის კუთხით, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე რუსეთისთვის.

ამავე დროს, არის საკითხები, სადაც ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიმუშაოთ ერთად, რადგან როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ, კარგ შედეგებს ვაღწევთ. საერთაშორისო არენაზე არის ადგილები და საკითხები, სადაც შეგვიძლია ერთად მუშაობა. ამის კარგი მაგალითია ირანის ბირთვული შეთანხმება, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი. ჰელსინკის საბოლოო აქტის მიხედვით, ევროპაში სტაბილურობა დაფუძნებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე და ერების სუვერენიტეტზე, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემაზე. ამ ჩარჩოში საჭიროა სივრცეების მოძებნა ურთიერთგაგებისთვის და ორმხრივი ნდობის გასაძლიერებლად“, – განაცხდა ჟოზეფ ბორელმა.