ჟოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში მიემგზავრება
ჟოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში მიემგზავრება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი ვაშინგტონში მიემგზავრება. 13-15 ოქტომბრის ვიზიტის ფარგლებში, ის გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებზე და ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განვითარებაზე.

კერძოდ, დაგეგმილია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, ასევე თავდაცვის მდივნის მოადგილე ქეტლინ ჰიქსთან. აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დაწყებიდან, ეს ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვაშინგტონში.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, აშშ-ში ვიზიტისას ჟოზეფ ბორელი ხაზს გაუსვამს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის ძლიერი ალიანსის არსებობა მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური გამოწვევების გადასალახად, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური აღდგენა, კლიმატური ცვლილებები, დემოკრატიის უკუსვლა, საერთო ღირებულებების დაცვა, გლობალური საფრთხეებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.