ჟოზეფ ბორელი - „გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკურ ზეწოლას ცდილობს
ჟოზეფ ბორელი - „გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკურ ზეწოლას ცდილობს

„გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას ცდილობს. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა და დაამატა, რომ ბუნებრივი აირი პოლიტიკურ იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული.

„ჩვენ ვხედავთ „გაზპრომის“ მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. ბუნებრივი აირი არის პროდუქცია, რომლის ყიდვაც შესაძლებელია, მაგრამ არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად“, – აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსასვლელად და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი 60 მილიონი ევროს ღირებულების გრანტის გამოყოფით გადაიდგა.

„პრობლემა, რომ მხოლოდ 60 მილიონი ევორთი მოგვეგვარებინა, ადვილი იქნებოდა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სხვა გამოსავალი უნდა ვეძებოთ“, – დაამატა ბორელმა.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ხელს არ შეუშლის მოლდოვას „გაზპრომთან“ ხელშეკრულების დადებაში და ეს ოფიციალური კიშინიოვის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.