ჟოზეფ ბორელი - განვიხილეთ საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო არა მხოლოდ ამყარებს ძლიერ დემოკრატიას, არამედ იზიდავს ინვესტორებს, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას
ჟოზეფ ბორელი - განვიხილეთ საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო არა მხოლოდ ამყარებს ძლიერ დემოკრატიას, არამედ იზიდავს ინვესტორებს, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას

განვიხილეთ საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო არა მხოლოდ ამყარებს ძლიერ დემოკრატიას, არამედ იზიდავს ინვესტორებს, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იყო ბევრი საკითხი, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ეს შეხვედრა ასევე იყო შესაძლებლობა, შეგვეფასებინა ზოგადი თანამშრომლობა ყოვლისმომცველი და ფართო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ არ გვისაუბრია მხოლოდ ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, არამედ ასევე მივესალმეთ საქართველოს მიერ ვაქცინების პირველი პარტიის მიღებას „კოვაქსის“ ფარგლებში, რომლის უმსხვილესი დონორი ევროკავშირია. კიდევ უფრო მეტის მიღება მომავალში მოხდება. ჩვენ ვიცით, რამდენად მიშვნელოვანია საქართველოში ვაქცინაციის პროცესის წარმატებულად ჩატარება და მდგრად აღდგენაზე გადასვლა. მნიშვნელოვანი ფონდების მობილიზებას ვახდენთ ამის მხარდასაჭერად.

ჩვენ განვიხილეთ საარჩევნო და სასამართლო სფეროში ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არა მხოლოდ ამყარებს ძლიერ დემოკრატიას, არამედ იზიდავს ინვესტორებსა და შესაბამისად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

დღეს მე ხაზს ვუსვამ, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს სასამართლო სისტემის რეფორმის ვალდებულებები, მათ შორის, უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის რეფორმა, საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად. დამოუკიდებელი სასამართლო ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია.

ასევე, განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის გაცვლითი პროგრამების რაოდენობის გაზრდა, განათლების, კვლევით და სპორტის სფეროებში. ასეთი სფერო ძალიან ბევრია, დამიჯერეთ. 2017 წლიდან 1,2 მილიონამდე უვიზო ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონაში და მე ველოდები კიდევ უფრო მეტს მომავალში.

სამწუხაროდ, ამავე დროის იყო თავშესაფრის მაძიებლების უსაფუძვლო განცხადებების მაღალი რაოდენობა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია მგზავრობისწინა მოთხოვნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ეფექტიანი შესრულება“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩართულია სტაბილიზაციისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

„და ბოლოს, ჩვენ გვქონდა მოსაზრებების ღია გაცვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და კავკასიაში რეგიონულ სიტუაციაზე. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩართულია სტაბილიზაციისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში რეგიონში ჩვენი სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ კავკასიაში რუსეთის როლზე.

მსურს, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს აქ ჩამოსვლისთვის და მოსაზრებების გაზიარებისთვის. საქართველო არის პოლიტიკური გზაგასაყარი, დრო არის მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, რომ მათი წარმომადგენლები ფოკუსირებული იყვნენ ქვეყნის გრძელვადიან ინტერესზე. როგორც ევროკავშირს, ჩვენს გულებში მხოლოდ საუკეთესი ინტერესები გვაქვს“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.